„ეს არ არის შესაძლებელი, რომ კვლავ სუს-ში დარჩეს გასაღები და თან კონსტიტუცია იყოს დაცული," - ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში მოსმენების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ არ არის შესაძლებელი, იმ შემთხვევაში თუ გასაღები სუს-ში დარჩება პარალელურ რეჟიმში კონსტიტუცი დაცული ვერ იქნება.
„ეს არ არის შესაძლებელი, რომ კვლავ სუსში დარჩეს გასაღები და თან კონსტიტუცია იყოს დაცული, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მკაფიო მოთხოვნა დაუწესა პარლამენტს, როდესაც თქვა, რომ სუს-ში გასაღების ყოფნა, ანუ ის მოდელი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ყველა შემთხვევაში, წითელი ხაზი, რომელიც გაავლო საკონსტიტუციო სასამართლომ, არის ის, რომ სუს-ში გასაღები ვეღარ დარჩება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, მოსმენების შესახებ პრობლემა დღემდე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის.
„იმისთვის, რომ 5 ან 10 წლის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, ახალი არქივი, რომელიც 2016, 17 წლებით იქნება დათარიღებული, ჩვენ გვჭირდება კანონის შეცვლა. ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს იქნება ქართული ოცნების ხელისუფლება, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და საბოლოოდ აღმოიფხვრას ყველა ის შესაძლებლობა კანონმდებლობაში და პრაქტიკაში, რომ უკანონო თვალთვალი გაგრძელდეს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, კამპანია ეს შენ გეხება ეწინააღმდეგება უკანონოდ განხორციელებულ თვალთვალს.