"დამნაშავეა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება" - რომან გოცირიძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აფასებს
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმას საგანგაშო ფაქტად აფასებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი მომხდარს ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებენ.
მათი აზრით, კრიტიკულად განწყობილი ადამიანისადმი ძალადობა, ხელისუფლების მხრიდან წაქეზებულია და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ფიზიკური შეურაცხყოფა არა ერთხელ მოხდა, თუმცა არცერთი დამნაშავე შესაბამისად არ დასჯილა.
„ამაში დამნაშავეა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არა ერთხელ წაუყრუა მსგავს ხულიგნურ და ამაზრზენ საქციელს. არ აქცევდა ყურადღებას დეპუტატების ცემას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების ფიზიკურ დევნას. ასეთი კრიმინალური ფონის შემქნა სწორედ იმ პოლიტიკური ატმოსფეროს შედეგია, რაც დღეს სუფევს საქართველოში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს ლეიბორისტების ლიდერი.
„პასუხისმგებლობა აკისრია რეჟიმის მეთაურ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლების განმავლობაში აღვივებს სიძულვილს, არა მარტო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, არამედ მისთვის მიუღებელი ტელევიზიების, ჟურნალისტების თუ ტელეკომპანიათა მენეჯერების მისამართით,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
სამართალდამცველებს მომხდარზე შესაბამისი რეაგირებისა და თავდასხმაში მონაწილე პირების სათანადო დასჯისკენ მოუწოდებენ თავისუფალი დემოკრატებიც.