ე.წ. მოსმენების კანონი - არასამთავრობო სექტორი დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს
რა ცვლილებები შევა მოსმენების კანონში და ვის ექნება ე.წ. გასაღები - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, პარლამენტს სამ თვეზე ნაკლები რჩება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კამპანია ეს შენ გეხებას წევრებთან კონსულტაციები იმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ტექნიკურად შეასრულებს სასამართლოს ნებართვის შემდეგ, ფარულ მიყურადებას და მოსმენას.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ე.წ. გასაღები სრულად უნდა იყოს გამოტანილი.
„მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა უნდა იყოს სწორედ იმ სტრუქტურის ხელში, რომელიც მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება ერთის მხრივ, ძალოვანი უწყებებისგან და მეორეს მხრივ, იქნება დამოუკიდებელი და ექნება კონტროლის ეფექტური მექანიზმები,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.
არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წევრები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ე.წ. ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული, რათა ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
პარლამენტს ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანის ვალდებულება აქვს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში გადაწყვეტილება მიიღო და კანონში არსებული რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.