"ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველომ გაიარა,"-თენგიზ ფხალაძე უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს
საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექსტის საბოლოო ვარიანტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მხარდაჭერას აფასებენ საქართველოში. განცხადება გააკეთა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.
თენგიზ ფხალაძის თქმით, პროცესის საბოლოო დასრულებამდე მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი.
„ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველომ გაიარა, დაკავშირებული იმ პროცედურის საბოლოო დასრულებასთან, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმზე გადაწყვეტილების მიღება. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავაც ვიმეორებ, რომ იმ კონსოლიდირებულმა ძალისხმევამ რაც ყველა უწყებიდან მიმდინარეობდა თავის შედეგები მოაქვს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც მალე იქნება,“-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრინციპული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე უკვე მიღებულია.
როგორც უმრავლესობისა ასევე უმცირესობის წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით უახლოეს თვეებში ისარგებლებენ.