შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია "ქართული ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკას აკისრებს
ენერგომწარმოებლებისთვის ტარიფის გაზრდით გაძვირებული პროდუქცია და სავალუტო კრიზისის სხვა შედეგები - ის თემებია, რომელზეც განმარტებები მთავრობისგან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მინისტრების მისვლას მოითხოვს.
პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ოპოზიცია მთლიანად ქართული ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკას აკისრებს. ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს მოუწოდებს, აუხსნას ამომრჩეველს, თუ რატომ არ იყო გადასახადების გაზრდა ასახული 2017 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში, არჩევნებამდე. ოპოზიცია მთავრობას ამომრჩევლის გამიზნულ მოტყუებაში ადანაშაულებს.
დებატები 2016 წლის ბიუჯეტში ჩასწორებების განხილვას მოჰყვა. ცვლილებებს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა და წლის ბოლოს განხორციელებული საბიუჯეტო გადანაწილება თანხების ეკონომიკური სირთულეების ერთერთ პრობლემად შეაფასა.
ოპოზიციის წევრმა რომან გოცირიძემ თურქეთთან სავაჭრო ბალანსის საჩვენებლად სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. გოცირიძის მტკიცებით, თურქული ლირის გაუფასურებასთან ლარის დაკავშირებით, მოსახლეობა შეცდომაში შეგნებულად შეყავთ.
ირკვევა, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან და სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების შესაძლო გადახედვის მიზნით, სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. განმარტებებს ოპოზიცია საგარეო უწყებისგან ითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობა პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ამ დრომდე მთავრობა პარლამენტში მისვლას არ აპირებს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი