"ყვარყვარეების არმია ყავს მაჟორიტარებად დაყენებული“ - გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილს პასუხობს
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილის მორიგ კრიტიკას პასუხობს. გიორგი გუგავა ყოფილი პრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ლიტერატურულ გმირს ადარებს. გიორგი გუგავამ ყოფილ პრემიერს ცოდნა დაუწუნა.
„ბიძინა ივანიშვილი დაკავდა ლიტერატურული წიაღსვლებით, ლიტერატურული ალეგორიებით, ოღონდ ისე, რომ არც ავტორი იცის და არც ნაწარმოებები აქვს წაკითხული. კარგად რომ წაეკითხა პოლიკარბე კაკაბაძის დრამატული პიესა ყვარყვარე თუთაბერი ან მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე, ის საკუთარ თავს აღმოაჩენდა ამ თაღლითებში,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტების ერთ-ერთi ლიდერi ყოფილი პრემიერს დაპირებებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, დღემდე არ შესრულებულა.
„ის ისტერიკა, რომელიც მას ბოლო კვირებში აქვს დამართული, ლეიბორისტული პარტიის და მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიმართ, ეს გამოწვეულია იმ მაღალი რეიტინგით, რომელიც ამ პარტიას გააჩნია,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი გრძნობს მოსალოდნელ დამარცხებას და სწორედ ამის გამოა რომ „ასეთი ისტერიკა აქვს ატეხილი.“
გუგავა ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს დაანონსებულ მოსალოდნელი მეორე ტურის ჩატარებაზეც საუბრობს.
„ვერც პირველ ტურში გაიმარჯვეს და რა თქმა უნდა, ვერც მეორე ტურშიც. ყვარყვარეების არმია ყავს მაჟორიტარებად დაყენებული, რომლებიც იყვნენ ყველა ხელისუფლებაში კომუნისტების დროიდან დაწყებული,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
გუგავა ასევე, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ბანკმა ქართუმ მმართველ გუნდს მილიონი ლარი 11%-ში ასესხა. აქვე ივანიშვილმა დაამატა, რომ მმართველ გუნდს გაუჭირდა.
„პოლიტიკური მევახშეობითაა დაკავებული ივანიშვილი. რისთვის სჭირდება ამდენი ფული? სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რათა იყიდონ ამომრჩეველი, მოსახლეობა,“ - აღნიშნა გუგავამ.