"იწყება საუკუნის პროექტი,“-ქუმსიშვილი ანაკლიის განვითარების პროექტზე საუბრობს
მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა. ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში 100 მილიონ ტონაზე გადის.
ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას მიღწეულ შედეგს ულოცავს.
„მთავრობამ მოიწონა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება. 9 ეტაპისგან შედგება აღნიშნული ხელშეკრულება. საბოლოო ჯამში ის 100 მილიონ ტონაზე გადის. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას მივულოცო, იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც როგორც პრემიერმა აღნიშნა მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამი წლის ვადაში შესაძლებელი იქნება ანაკლიის პორტის ფუნქციონირების დაწყება.
„ეს პორტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ ისე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, რომ გააკეთოს მოსამზადებელი ცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად,“-განაცხადა პრემიერმა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ლევილის მამულის გადმოცემაზეც ისაუბრა. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის ფაქტს ისტორიულ მოვლენას უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გათვალისწინებულია ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ - ფრანგული მემორიალური ცენტრი - ლევილის ქართული აკადემია, სადაც იქნება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზი.
ასევე გაკეთდა განცხადებები გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს შვიდი პოზიციით გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ავტორი:ანა წერეთელი.