ბურჯანაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე თბილისში ის გრიგორი კარასინს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ის მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის თხოვნის შემდეგ თბილისში საკუთარ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.
"დაახლოებით ერთი თვით ადრე საგანგებო ვიზიტით გრიგორი კარასინი ჩამოვიდა. მე ჯერ ვაშაძემ, შემდეგ სააკაშვილმა დამირეკა თხოვნით შევხვედროდი კარასინს. მე ის სახლში მივიღე. ის ჩამოსული იყო, რომ ოსეთში ვითარება იძაბება და მოსალოდნელია ომი. მან მაშინ თქვა, რომ საქართველოსთვის ეს იქნება დამანგრეველი იქნება და დაანგრევს რუსულ-ქართულ ურთიერთობებსო. კარასინის წასვლის შემდეგ მე გავაფრთხილე მთავრობა, რომ თუ ომს დავიწყებდით ეს დამანგრეველი იქნებოდა ჩვენთვის. პუტინმა სააკაშვილი პირადად გააფრთხილა ამ სატელეფონო საუბარს მეც ვესწრებოდი. სააკაშვილმა ამაზე პასუხი უნდა აგოს და სააკაშვილი აგებს პასუხს. მე გავამთლიანებ საქართველოს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ არ იცის ვინ დაიწყო ომი, თუმცა ფიქრობს, რომ ეს რუსეთმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
"რუსეთს ომი უნდოდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ალბათ არ უნდოდა. შეიძლება ომი არ უნდოდა მაგრამ, გამოიყენა სათავისოდ,"- აცხადებს ბურჯანაძე.