მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გახმაურებულ საქმეებს იცილებს, რასაც ოპოზიციაში საქმეების გაჭიანურების მცდელობად აფასებენ
რუსთავი 2-ის სარჩელი სავარაუდოდ ერთ-ერთია, რომელზეც გადაწყვეტილების მიღებაზე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი უარს აცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გახმაურებული საქმეებიდან აცილება მოითხოვა. მის შუამდგომლობას სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.
მიზეზი კი P.S. - ში გასული სიუჟეტია, რომელიც მოსამართლის დედას ეხებოდა. ფაფიაშვილი მისი ოჯახის წევრის მიმართ არსებულ კითხვებს არ იზიარებს, აცხადებს, რომ არ სურს გაჩენილმა კითხვებმა სასამართლოს გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას საფრთხე შეუქმნას.
ერთ-ერთი საქმე, რომლიდან ჩამოშორებასაც ლალი ფაფიაშვილი გეგმავს, ასევე შესაძლოა კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული დავა იყოს. კაბელების საქმის ადვოკატი და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი ლევან სამუშია იმედს გამოთქვამს, რომ თვითაცილების გადაწყვეტილება მოსამართლემ მისი რწმენიდან გამომდინარე მიიღო და არა პირველ სექტემბერს ჩანიშნული კაბელების საქმის გაჭიანურების მიზნით.
კაბელების საქმის ადვოკატისგან განსხვავებით, ლალი ფაფიაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილების მთავარ მოტივად საქმის გაჭიანურების მცდელობას ასახელებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
მოსამართლე ფაფიაშვილზე შესაძლო ზეწოლის შესახებ გამოთქმული ბრალდებები უარყვეს მმართველ გუნდში. პარტიის ლიდერები რომელიმე მოსამართლის მიმართ შანტაჟს და გავლენის მოხდენის მცდელობას გამორიცხავენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.