“ეს ადამიანები თვლიან, რომ ერთადერთი გამოსავალი 8 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლაა" - ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძე და ირმა ნადირაშვილი სოფელ არგვეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, მათთვის დღემდე მოუგვარებელია წყლის, დენისა და კანალიზაციის პრობლემა, ასევე ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეროს ქარხანამ ფილტრები დაამონტაჟოს, რათა ჰაერის დაბინძურება რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ის გეგმა და პროგრამა გააცნეს, რაც პარტიამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად შეიმუშავა.
“ეს ადამიანები ჩვენთან საუბარში თვლიან, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს, არის 8 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ არის ხელისუფლება, რომელიც მათზე ზრუნავს და არა საკუთარ ჯიბეებზე და საკუთარ თავზე,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
შეფასება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ბუცხრიკიძემაც.
„არ არსებობს საკითხი, რომელიც იყოს გადაწყვეტილი. დრო არის გაჩერებული ფაქტობრივად. ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ პირობებს,“ - განაცხადა ზურაბ ბუცხრიკიძემ.