გამოძიება მაშინვე დაიწყო - კალაძე გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრთა ბრალდებებს პასუხობს
საქართველოს ვიცე პრემიერი კახი კალაძე დემურ სტურუას გარდაცვალებისა და პოლიციელის მხრიდან მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტს ეხმაურება.
კალაძე ამბობს, რომ მომხდარზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ვიცე პრემიერის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გაცემულია დაკავების ბრძანება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მიმართ.
რაც შეეხება დემურ სტურუას ოჯახის წევრთა პრეტენზიების იმის შესახებ, რომ თევზაძის დაკავება არ მოხდა მყისიერად, კალაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
„მე როგორც ვიცი გამოძიება მაშინვე დაიწყო, როდესაც ეს მძიმე ფაქტი მოხდა. შესაბამისად ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები. პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს, უნდა მომხდარიყო მაშინვე დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი, თავისი კანონი და შესაბამისად შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით," - განაცხადა კახი კალაძემ.