"არ არსებობს საფუძველი შეიკავო თავი ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისადმი" - კნუტ ფლეკენშტეინი
ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი თბილისში ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო განიხილეს. მანამდე კი, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა კნუტ ფლეკენშტეინმა კახი კალაძესთან გამართა.
ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოში გატარებული რეფორმებიც შეისწავლა. შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. ფლეკენშტეინის განმარტებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი უახლოეს მომავალში ტექნიკური პროცესების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
"არ არსებობს საფუძველი შეიკავო თავი ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისადმი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ ხვალინდელ სხდომაზე ბრიუსელში ევროკავშირმაც შეასრულოს დანაპირები. ძალიან კარგია იცოდე, რომ კონსერვატორებმაც ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზალიბერალიზაციისთვის და ახლა დადგა დრო მის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო სტრასბურგში პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ყველა პარტიამ განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზალიბერალიზაციას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა თუ როგორია შიდა ქართული წინასაარჩევნო გარემო და მეორეს მხრივ, რა არის ქვეყნის წინსვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ის გაცხადებაც მომწონს, რომელიც ოპოზიციამაც გააჟღერა სტრასბურგში, რომ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში," - განაცხადა კნუტ ფლეკენშტეინმა.