„ჩვენ ვაკვირდებით არა მხოლოდ წინასაარჩევნო დარღვევებს, არამედ კენჭისყრის დღეს და ასევე გავაგრძელებთ დაკვირვებას," - ანა ნაცვლიშვილი
არჩევნების პროცესს და მის შემდგომ პერიოდს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. ორგანიზაციები იმუშავებენ ისევე როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების პირობებში.
არჩევნების დასრულების შემდეგ, მათ საკუთარი დასკვნები ექნებათ.
„ჩვენ ვაკვირდებით არა მხოლოდ წინასაარჩევნო დარღვევებს, არამედ კენჭისყრის დღეს და ასევე გავაგრძელებთ დაკვირვებას, არჩევნების შემდგომ პერიოდზე, როგორ მოხდება სასამართლოში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვა. ასევე დავაკვირდებით საჯარო სექტორს, მაგალითად, ხომ არ გაგრძელდება ის ტრადიცია, რომ არჩევნების შემდეგ, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მასიური ცვლილება მიმდინარეობს ან სხვა უკანონო მოქმედებები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კორცხელის ინციდენტს უსვამს ხაზს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძეც, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მწვავე დაპირისპირების ფაქტები არ არის.
„საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ძალიან მწვავე ძალადობრივი დაპირისპირების ფაქტებს უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის დროს, რაც კარგია,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმაც.
„არის ცალკეული ინციდენტები, მაგრამ ეს მთლიან სურათს არ აზიანებს იმდენად, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს საარჩევნო პროცესებისთვის. რაც შეეხება ნომრის საკითხს, ჩვენ ვიზიარებთ რესპუბლიკური პარტიის წუხილს და ვფიქრობთ, რომ ის დადგენილება, რომელიც გამოსცა ცესკომ ნომრებთან დაკავშირებით, კანონს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ავტორი: ნათია გოგსაძე