"საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა" - გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადამიანის უფლებებზე ამ რეგიონებში.
გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ აქვს პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამის შედეგია სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყანასთან.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რუსეთი აგრძელებს თავს აგრესიულ პოლიტიკას. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის სურვილზე - ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების თაობაზე.
"საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა. ევროსაბჭოს მთავარი როლი აკისრია ამ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ამ რეგიონებში ე.წ. ბორდერიზაციაა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ხალხს, ოჯახებს და ზიანს აყენებს მათი ცხოვრების პირობებს. მათ ჩამორთმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება.
"მეორე პრობლემაა ის, რომ დამკვირვებლებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან პრობლემის მოგვარებას ვხედავთ პრაგმატული პოლიტიკის გატარებაში, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა, მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, იქნება არა საკმარისი, თუ არ იქნება სათანადო პატივისცემა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"შეშფოთებული ვართ იმის გამოც, რომ ცხინვალის რეჟიმი აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან მიერთებაზე. ეს ქმედებები მხოლოდ ძირს გამოუთხრის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც და გამოიწვევს მძიმე შედეგებს, ისედაც მყიფე სამხრეთ კავკასიის რეგიონში,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში სტრასბურგში ევროპელი და ქართველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.