„რუსთავი 2" არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და აბსოლუტურად თავისუფალი ტელევიზია," - ლევან ბერძენიშვილი
რუსთავი 2-ზე გაკეთებულ განცხადებას და პრემიერმინისტრის გამოსვლას შეფასებები მოჰყვა სტრასბურგში.
უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ისინი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეს არის დავა 2 სუბიექტს შორის და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.
„რუსთავი 2 არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და აბსოლუტურად თავისუფალი ტელევიზია, რომელსაც არაფერი საფრთხე რეალურად არ ემუქრება. ეს კარგია თუ ცუდი ეს სხვა საკითხია, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ პრემიერის პასუხი, რომ არანაირი პოლიტიკური პრობლემა რუსთავი 2-ს არ შეექმნება, მემგონი დამაჯერებელია და ასეც იქნება. გარწმუნებთ, არჩევნებამდე არაფერი მოხდება. არჩევნების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებები თუ ვინმეს არ მოგვეწონება, მე ვფიქრობ, ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავისუფალი იყოს ეს ტელევიზია. რუსთავი 2, როგორც ფაქტორი, არის საქართველოს მონაპოვარი. ეს მაღალპროფესიული ტელევიზიაა, რომელსაც შეიძლება ბევრ შემთხვევაში არ ეთანხმებოდე, მაინც არის საქართველოს სავიზიტო ბარათი და იგი იქნება შენარჩუნებული,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ. მისი თქმით პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პირადად არის დაინტერესებული იმით, რომ რუსთავი 2-ის და ნებისმიერი მედიასაშუალების დამოუკიდებლობა იყოს დაცული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2 ისეთივე კრიტიკული იყოს წინასაარჩევნოდ, როგორიც ის დღეს არის.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.