2016 წლის არჩევნები-ევროპელმა დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსის რეფორმირების ვადებზე კვირიკაშვილს კითხვები დაუსვეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთ-ერთი აქტუალური საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. დეპუტატები დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ არ განხორციელდა საარჩევნო კოდექსის საარჩევნო რეფორმა და რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
საქართველოს პრემიერმინისტრმა დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ცალკეული შეთავაზებები ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩენილია მცირე დრო, ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ ვერ მოესწრება.
„ცვლილებების რამდენიმე სერია განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობაში. პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ, დავიწყე მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციურ პარტიებთან. ორი დღის წინ შევთავაზეთ მნიშვნელოვანი ცვლილება, ბარიერის დაწევა პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ, გახდნენ პარლამენტარები, ასევე ბარიერის დაწევა გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. შევთანხმდით, რომ 2020 წლისთვის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემები შეიცვლება. არჩევნებამდე 6 თვით ადრე რთული იქნება არსებული სისტემის მორგება სრულიად ახალ პროპორციულ სისტემასთან,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.