"ვერ დავბლოკავთ ვერც ერთი მედიის რესურსს"-გიორგი კვირიკაშვილი
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მოუწია. ევროსაბჭოს დეპუტატები დაინტერესდნენ როგორი იქნება პოლიტპატიმრების ბედი. ევროსაბჭოს პორტუგალიელმა დეპუტატმა ჰკითხვა კვირიკაშვილს არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება მზად გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. კითხვები ასევე მედიასაშუალებებზე არსებულ რუსულ გავლენაზეც დაისვა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რადგან მისი თქმით, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას.
რაც შეეხება, ქართულ მედიაზე რუსულ გავლენას და პროპაგანდას, კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა მედიასაშუალება, ცენტრალურიც და რეგიონულიც ეწევა ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობის კამპანიას.
„ჩვენი პასუხი მასშტაბური, სტრატეგიული ევროპული კამპანიის დაწყებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კამპანიას ხელმძღვანელობს ჩვენი მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში. ყველა მედიასაშუალება ცენტრალურიც და რეგიონულიც ეწევა ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობის კამპანიას. ეს არის ანტიევროპული პროპაგანდის საპასუხო გზა. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსდება ქსენოფობიური მედიასაშუალებები მთავრობის მხრიდან. ეს უფრო ინტენსიურად კეთდება ოპოზიციური მედია საშუალებებისთვის და ტელე არხებისთვის. ვერ დავბლოკავთ ვერც ერთ მედიის რესურსს, შეგვიძლია მხოლოდ არჩევანი გავაკეთოთ, ჩვენი არჩევანი კი პროევროპული მედიაა,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.