"რესპუბლიკურ პარტიას" მისი წევრები ტოვებენ
მას შემდეგ რაც რესპუბლიკელებმა დამოუკიდებლად თამაში ამჯობინეს, პროცესები პარტიის შიგნით გააქტიურდა. ისინი დედაქალაქში წევრების მატებას ელოდებიან, თუმცა განსხვავებული სურათია რეგიონებში. სენაკის რაიონული ორგანიზაცია 25-მა წევრმა დატოვა.
რესპუბლიკელები ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილებას ხელისუფლებას არ უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ზეწოლის ნიშნების შემთხვევაში, პარტია მწვავე რეაგირებას აპირებს. რა შეიცვალა რეგიონებსა და თბილისში მას შემდეგ, რაც პარტიამ არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო - ამ თემაზე დღეს რესპუბლიკელები თბილისის რაიონულ ორგანიზაციებთან მსჯელობდნენ.
ქართული ოცნება რეგიონებში რესპუბლიკური პარტიის წევრებზე ზეწოლას გამორიცხავს. უმრავლესობის წევრთა ნაწილი პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას მოსახლეობის განწყობებს უკავშირებს.
სენაკის შემთხვევის დრამატიზება არ სურთ პარტიის ლიდერებს და განახლების ტენდენციაზეც მიუთითებენ. თინა ხიდაშელი ორ რესპუბლიკელ მინისტრთან ერთად საარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვას გეგმავს, თუმცა როდის - ამას არა არჩევნების თარიღი, არამედ პარტია გადაწყვეტს.
პარტიულ სიაზე მუშაობა რესპუბლიკელებს ამ ეტაპზე არ დაუწყიათ.
ავტორები:ელისო ჯარიაშვილი, ვახო ბუნტური