„მე ვნახე საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი," - გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მთავარი შეხვედრა პარიზში - გიორგი მარგველაშვილმა ფრანგ კოლეგასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც მან განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად განწყობილია, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდა საფრანგეთის პირველი პირის მხარდაჭერაში.
„მე ვნახე საქართველოს ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურად უჭერს მხარს საქათველოს ინტერესებს. ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს,“ - განაცხადა გიორგი მაგრველაშვილმა.
ფრანსუა ოლანდთან შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საკმაოდ ბევრი საკითხი იქნა განხილული, თუმცა პრიორიტეტული იყო საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაცია და ასევე ვიზალიბერალიზაცია.
„ფრანგული მხარე აღიარებს ყველა იმ მიღწევას, რომელიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგა. ძალიან მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა პრეზიდენტმა ოლანდმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში,“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.