სურსათის ეროვნულ სააგენტოში პრემიერის ბრძანებით ერთ თანამდებობაზე ორი პირი დანიშნეს
ზურაბ ჩეკურაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა - პრემიერმინისტრის ბრძანება ნომერი 105-ის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნოდარ კერესელიძე დაინიშნა, თუმცა ამავე დღეს, ამავე ნომრით დათარიღებული ბრძანებით კი მას უკვე ამ თანამდებობიდან ათავისუფლებენ. შემდეგი დოკუმენტი ასევე კვირიკაშვილის ხელმოწერით, 106 ნომრით თარიღდება და სააგენტოს უფროსად ზურაბ ჩეკურაშვილი ინიშნება.
სწორედ ჩეკურაშვილმა დაახასიათა რუსული ბაზარი საქართველოსთვის ისტორიულად და ტრადიციულად.
ზურაბ ჩეკურაშვილს, რომელიც რუსეთში ქართული სურსათის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელია, სააგენტოს უფროსის თანამდებობა 2014 წლამდეც ეკავა, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი იყო.
ერთ თანამდებობაზე ორი პირის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებულ ბრძანებას და საბოლოდ ჩეკურაშვილზე შეჩერებულ არჩევანს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი რუსული ბაზრის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ დაუმალავთ.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ერთი და იმავე თანამდებობაზე ორი ადამიანის დანიშვნის შესახებ ბრძანებების გამოქვეყნება ტექნიკური შეცდომა იყო.
ავტორი: ანა წერეთელი.