„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები,"- გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. გიორგი კვირიკაშვილი ასამბლეის მონაწილეებს რამდენიმე წუთში მიმართავს სიტყვით. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გაამახვილებს ყურადღებას, რის შემდეგაც ევროპელი და ქართველი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
პედრო აგრამუნტთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რათა ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მეტი იცოდნენ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს. მნიშვნელოვანი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც შესაძლოა, დაისვას. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, ასევე, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარული მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.