უმრავლესობა ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა პარლამენტში. დეპუტატები აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი მათთვის უცნობია. თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ეს საქმე დროულად იქნეს პროკურატურის მიერ გამოძიებული და საზოგადოებას დროულად უნდა წარედგინოს ანგარიში.
"უნდა ვთხოვოთ საქართველოს საგამომძიებო ორგანოს რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს რა და როგორ მოხდა. ეს დაუშვებელია ყველანაირი თვალსაზრისით, რა მოტივიც უნდა იყოს, უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული", - განაცხადა რესპუბლიკელების წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძება და დამნაშავეც და შემკვეთიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული.
"ის, რაც მოხდა არის შემზარავი და მე იმედი მაქვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდება ამ ფაქტის გამოძება. წარმოუდგენელია თბილისში დღისით-მზისით ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის დაჭრა", - განაცხადა რესპუბლიკელების წევრმა თამარ კორძაიამ.