„არავითარი საფუძველი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე ფორმის სიმპათიები გააჩნია, არ არსებობს" - თამარ კორძაია
დაუჭერს თუ არა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარს უმრავლესობა, მათ ეს საკითხი ჯერჯერობით შეთანხმებული არ აქვთ.
თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად გუშინ პრეზიდენტმა დაასახელა.
მას დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდებები წაუყენეს და ის დოკუმენტი გაასაჯაროვეს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანა დოლიძის ბიოგრაფიის მიმართ კითხვები არ აქვთ. როგორც ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ბუნებრივია, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.
„არავითარი საფუძველი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ანა დოლიძეს რაიმე ფორმის სიმპათიები გააჩნია, არ არსებობს, ეს აბსურდია,“ - აცხადებს თამარ კორძაია
ფრაქცია ქართული ოცნების წევრს გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ როგორც იურისტი, თავისი კვალიფიკაციით, ანა დოლიძე კითხვის ნიშნებს არ აჩენს.
პოზიტიურად აფასებს ანა დოლიძის კანდიდატურას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე. ელისო ჩაფიძის თქმით, დოლოძეს პრინციპულობის და კვალიფიცირების ძალიან მარალი კოეფიციენტი გააჩნია და ის სამართლიანი მოსამართლე იქნება.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი