"რუსთავი 2-ს უდიდეს პატივს ვცემ", - სოზარ სუბარი
Amnesty International-ის ანგარიშს მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. მინისტრები დოკუმენტში გამოთქმულ შეფასებებს არ ეთანხმებიან.
“სამწუხაროდ, მე არ მაქვს ეს კოკრეტული ანგარიში წაკითხული, ამიტომ გამიჭირდება მისი შეფასება. თუმცა. რაც შეეხება ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, ყველა სასამართლო საქმე, ყველა გადაწყვეტილება არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ეს არის საქართველოში გამყარებული. რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ტელევიზია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე. ის, რომ ყოფილი და დღევანდელი მფლობელები რაღაცას დაობენ სასამართლოში, ამაში ხელისუფლება არ ჩაერევა და ვერ ჩაერევა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თქმით, ის ენდობა სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
“შეიძლება ცალკეულ შეფასებებში მე არ დავეთანხმო მათ, მაგალითად მედიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, თუ ასეთი არის. მე სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ დასკვნას. რაც შეეხება მაღალჩინოსნებს, აქ შემიძლია ვთქვა, რომ ვენდობი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც გამოტანილი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენი და ზოგადად ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი, უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“ - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.