„ფასადური მთავრობა როგორ ფასადურ ცვლილებებს განახორციელებს, არ არის მნიშვნელოვანი,"- ირმა ნადირაშვილი
მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებზე ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ფასადურია. საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავენ, რომ ცვლილება ბიძინა ივანიშვილს უნდა შეეხოს.
„ფასადური მთავრობა როგორ ფასადურ ცვლილებებს განახორციელებს, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა შეეხოს ერთ ადამიანს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელი მთავრობა თავის მოსამსახურედ გადააქცია. მთავრობა დღეს მუშაობს არა ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ იმაზე, თუ როგორ ამოთხაროს ბიძინა ივანიშვილმა ხეები და შეიქმნას დამატებითი კომფორტი",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
თავისუფალ დემოკრატებში მიაჩნიათ, რომ თანამდებობების პირების მუდმივი შეცვლა სტაბილურობას ხელს არ უწყობს. გიორგი ცაგარეიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ზალკალიანი არის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი, პროფესიონალი და მინისტრად მისი დაწინაურება ქვეყანას გამოადგება, თუმცა, ცაგარეიშვილის განცხადებითვე, ეს არის ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, კი საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, კანდიდატურა განიხლება. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო უწყებას ცვლილებების შემდეგ დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი