თიბილოვის რეფერენდუმის ინიციატივას თბილისში "პუტინის შანტაჟად" აფასებენ
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.
განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა პარლამენტისადმი მიმართვაში გააკეთა.
ლეონიდ თიბილოვის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოვებისა და ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკის გაგრძელების ფონზე, ეს რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.
ლეონიდ თიბილოვის ახალ ინიციატივას თბილისში აფასებენ და ამბობენ, რომ რეგიონი ოკუპირებულია და რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა არ ექნება.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. შესაბამისად, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგან, რეალობა არ შეიცვლება. მთავარია, საერთაშორისო სამართლის ბერკეტების გამოყენებით ხდებოდეს აგრესიულ რეალობასთან დაპირისპირება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, კი ხელისუფლების მხრიდან გაბედულ ნაბიჯებზე საუბრობეს.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავხსნათ საურთიერთო, სავაჭრო და სხვა კულტურული არხები, როგორც ცხინვალთან, ასევე აფხაზეთთან. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლება. ამას არანაირი კავშირი საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან არ ექნება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ექსპერტები კი ვლადიმერ პუტინის მხრიდან პირდაპირ შანტაჟზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს არის პასუხი საქართველოს სწრაფვაზე ნატო-სა და ევროკავშირისკენ. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა მართლაც მიიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებაზე.
ავტორი: თეონა ცხომელიძე