თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი - მის ფუნქციებს მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახური შეითავსებს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, მიიჩნევს, რომ თბილისის მეწარმეობის ცენტრის გაუქმება ოპტიმიზაციის მიზნით ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელია.
საკრებულოს უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი გასული წლის სხდომებზე, როდესაც თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უნდა დაარსებულიყო და მმართველობა ყოფილ ვიცე-მერს უნდა ჩაბარებოდა, ამბობდა, რომ ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი და გარდაუვლად აუციებელი იყო.
დღეს საკრებულოს უმრავლესობის წევრების პოზიცია ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით უცნობია.
მეწარმეობის ცენტრის ფუნქციებს მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახური შეითავსებს. ერთი წლის წინ ახალი უწყების შექმნას საკრებულოს ოპოზიციამ მხარი სწორედ იმ მოტივით არ დაუჭირა, რომ მსგავსი ფუნქციების სტრუქტურები მერიაში უკვე არსებობდა.
ცენტრმა ერთი წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და, ალექსანდრე მარგიშვილის მტკიცებით, მომსახურეობა 350 მეწარმეს გაუწია. უწყებაში 25 თანამშრომელია დასაქმებული. უცნობია, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი მერიის სხვა სტრუქტურაში სამსახურს ცენტრის დახურვის შემდეგ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ყოფილი ვიცე-მერის დასასაქმებლად დაარსდა და ახლა მისი ლიკვიდაცია ნარმანიას კადრების მერიიდან ჩამოშორებას ნიშნავს.
განსახვავებულია საკრებულოს უმრავლესობის პოზიცია.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი