ნაპოლეონია თუ კუტუზოვი - თოფაძე ხიდაშელს ისევ უპირისპირდება
„თინა ხიდაშელს ჩემთვის შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა. ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინა არის?“ - მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრს კვლავ უპირისპირდება და რესპუბლიკურ პარტიას მის "ლანძღვას არ პატიობს".
თოფაძემ დღეს მორიგი შეფასებები პრესკონფერენციაზე გააკეთა და ახალი ინციატივითაც გამოვიდა. ის რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს და ერთგვარ შეჯიბრში იწვევს. ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა და მრეწველებმა საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში. შემდგომ კი ისევ კოალიციაში გაერთიანდნენ.
მრეწველთა ლიდერი ამ ინიციატივის შეთავაზებას რესპუბლიკელებისთვისაც აპირებს.
გოგი თოფაძე პოზიციას არ იცვლის და თავდაცვის მინისტრს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში კვლავ სდებს ბრალს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს პოზიციას, გოგი თოფაძე ამბობს, რომ პრემიერს კორექტული განცხადება ჰქონდა და ის იღებს მისგან შენიშვნას.