ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოხვდნენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პარალელურად, კომიტეტებმა საშემოდგომო სესიისთვის მზადება დაიწყეს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ. დოკუმენტში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზეცაა საუბარი.
იურიდიულმა კომიტეტმა დღეს პირველად იმსჯელა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც წინასწარი პატიმრობის არასწორად გამოყენებას შეეხება. ანგარიშში მითითებულია 4 ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი, ასევე დაფიქსირებულია კონკრეტული გვარები - გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი.
რეზოლუციის პროექტში ცალკე პუნქტად არიან მოხსენიებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას, კმაყოფილი არიან რეზოლუციის ტექსტითაც და ანგარიშითაც და ამბობენ, რომ ტექსტი ასახავს არსებულ მდგომარეობას. თუმცა, მათ ეჭვი ეპარებათ, რომ საბოლოო ჯამში პროექტი, რომელიც უნდა გავიდეს საშემოდგომო სესიაზე, შეცვლილი იქნება.
თანმდევ რეკომენდაციაში, რომელიც თან ახლავს ამ დოკუმენტს, აღნიშნულია, რომ იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც გამოიყენება ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მიერ, არის - ვციტირებ „გამაოგნებელი“. რეზოლუციაში ასვე გაკეთებულია მოწოდება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ბოროტად გამოყენებულ კონტექსტში იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, უნდა გათავისუფლდეს.
ქართული ოცნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საშემოდგომო სესიამდე კიდევ დიდი დროა და მათ აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციის პროექტშიც და თავად ანგარიშშიც. მათ სურთ, რომ რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული იყოს მინიშნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე. პოზიტივის კუთხით კი, როგორც ისინი აცხადებენ, პროექტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სულ უფრო ნაკლებად იყენებს წინასწარ პატიმრობას.