ისრაელი და ჰეზბოლა ერთმანეთზე შეტევას განაგრძობენ
ისრაელის არმიის ავიაციამ 8 აპრილს ლიბანში ისევ დაბომბა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას პოზიციები. თავის მხრივ, ჰეზბოლამ ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა.
მას შემდეგ, რაც 7 აპრილს აშშ და ირანი დასთანხმდნენ პაკისტანის წინადადებას ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავს.ისრაელმა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო და ამ ოპერაციის ფარგლებში ლიბანშიც ბომბავს ჰეზბოლას ობიექტებს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება.ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 აპრილს დილით, ქვეყნის სამხრეთში, სიდონის რაიონში ისრაელის ავიადარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.
თავის მხრივ, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ დილით ისრაელზე შეტევა ორჯერ მიიტანა.
8 აპრილს ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით არაბულ ენაზე მიმართა ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტირის მცხოვრებთ და გააფრთხილა, რომ ჰეზბოლას პოზიციებზე მოსალოდნელი მორიგი დარტყმის გამო ტერიტორია უნდა დატოვონ და ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლონ.