AP: აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება კოლუმბიის პრეზიდენტის გარშემო
კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო "პრიორიტეტულ სამიზნედაა" დასახელებული აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ, იმ ფონზე, როცა ნიუ-იორკში პროკურორები იძიებენ ინფორმაციას მის კავშირებზე ნარკოტიკების ტრაფიკერებთან - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Associated Press-ი (AP), საკითხში გათვიცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით.
განსაზღვრებას "პრიორიტეტული სამიზნე" აკუთვნებენ ეჭვმიტანილებს, რომლებსაც ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახური მიიჩნევს "მნიშვნელოვანი გავლენის" მქონედ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე - აღნიშნავს AP და დასძენს, რომ უცნობია როდის მიენიჭა პეტროს ეს კატეგორია.
სამმართველოს მონაცემებით, პეტროს გვარი 2022 წლიდან გამოჩნდა არაერთ გამოძიებაში, რომელთაგან ბევრი ეფუძნება ინტერვიუებს კონფიდენციალურ წყაროებთან. სამმართველო, მათ შორის, იძიებდა ცნობებს მის შესაძლო კავშირებზე მექსიკის კარტელ "სინალოასთან". დოკუმენტები ასევე შეიცავს ინფორმაციას კოლუმბიელი პოლიციელების ჩართვაზე კოკაინისა და ფენტანილის კონტრაბანდაში, ქვეყნის პორტების გავლით.
გუსტავო პეტრო უარყოფდა ნებისმიერ კავშირს ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან და აცხადებდა, რომ მათგან არასოდეს მიუღია შემოწირულებები თავისი საარჩევნო კამპანიებისას.
მანამდე კოლუმბიის პრეზიდენტმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციის მოქმედებები ახლო აღმოსავლეთსა და ვენესუელაში. თებერვლის დასაწყისში კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ამის შემდეგ ტრამპმა მას უწოდა "შესანიშნავი" ადამიანი და განაცხადა, რომ მათ "ძალიან კარგად ილაპარაკეს", მათ შორის ნარკოტიკების ტრეფიკინგთან ბრძოლის თემაზე.
იანვრის დასაწყისში აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა დარტყმები და შეიპყრო ქვეყის ხელმძღვანელი, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი - მათ ნარკოტერორიზმში დასდეს ბრალი. ვენესუელის შინაგან საქმეთა სამინისტრო 100-მდე დაღუპულზე იუწყებოდა. ტრამპი აცხადებდა, რომ ვენესუელის მართვას ვაშინგტონი იკისრებდა. ვენესუელის ხელისუფლებამ ბევრი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა და აშშ-ის არაერთი სხვა მოთხოვნაც შეასრულა.