FT: უკრაინის საკითხში აშშ-ის შუამავლობა ჩიხში შევიდა ირანთან ომის ფონზე
ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინას მოაკლდა ვაშინგტონის ყურადღება. ევროპელი დიპლომატების თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირაში ევროკავშირის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ აშშ არ გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის ნავთობის მრეწველობის მიმართ.
„მოლაპარაკებებში მართლაც პაუზა დადგა. ამერიკელებს სხვა პრიორიტეტები აქვთ და ეს გასაგებია,“ განუცხადა Financial Times-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა აშშ-ის ყურადღების ახლო აღმოსავლეთზე გადატანა შეაფასა „კატასტროფად“ ევროკავშირისა და უკრაინისთვის. ევროპის ქვეყნებს ასევე აცნობეს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შეფერხების შესახებ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა შექმნილ ვითარებას პრობლემა უწოდა.
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პირველი მოლაპარაკებების პირველი რაუნდები 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მესამე რაუნდი კი 17-18 თებერვალს - შვეიცარიაში. შემდეგი შეხვედრა მარტის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გამწვავებამ ხელი შეუშალა მის ორგანიზებას.
ამავე დროს, Financial Times-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა მკვეთრი ფორმით უთხრა უარი საფრანგეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ კრემლი დაერწმუნებინათ, რომ ევროპას მიეღო მონაწილეობა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა გამოცემას უთხრა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები - ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი - თებერვალში მოსკოვში ჩავიდნენ უშაკოვთან შეხვედრაზე. როგორც იუწყებიან, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვაზე უარი თქვა და უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.
„ბოდიში, მაგრამ საერთოდ არა - წადით, თქვენი...“ - იმოწმებს უშაკოვის სიტყვებს Financial Times.
ამ შეხვედრის კომენტირებისას კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს „მშვიდობიან პროცესში დახმარება არ სურთ“.
„როცა საფრანგეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა, მან არ მოიტანა არანაირი პოზიტიური სიგნალი,“ თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, ევროპელები „მთელს ძალისხმევას ხარჯავენ იმაზე, რომ უკრაინელები ომის გაგრძელებაში დაარწმუნონ“, მაშინ როცა რუსეთი „დარწმუნებულია, რომ იმარჯვებს“ და „ფრონტზე დინამიკა“ რუსეთის არმიისთვის დადებითია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია უშლის ხელს.
„გამიკვირდა, რომ ზელენსკი შეთანხმების მიღწევას არ ცდილობს. უთხარით ზელენსკის, რომ შეთანხმება გააფორმოს, რადგან პუტინი მზად არის. ზელენსკისთან მოლაპარაკებები გაცილებით რთულია,“ თქვა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობზე სანქციების დროებითი შემსუბუქება დაკავშირებულია ენერგეტიკულ კრიზისთან, რომელიც ჰორმუზის სრუტის დახურვამ გამოიწვია.
„მინდა, რომ მსოფლიოს ნავთობი ჰქონდეს,“ განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, სანქციები დაბრუნდება, როგორც კი ირანთან დაკავშირებული კრიზისი დასრულდება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს სურს შეთანხმება, თუმცა თეთრი სახლი ამ ეტაპზე არ გეგმავს რაიმე შეთანხმებას თეირანთან, „რადგან პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის“.
ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის. ამჟამად სრუტე თითქმის დახურულია, ხოლო გემებს, რომლებიც მის გავლას ცდილობენ, თავს ესხმიან. ამ ფონზე ერთი ბარელი Brent-ის ნავთობის ფასი 100 დოლარზე მაღლა ავიდა.
28 თებერვალს აშშ-მა ისრაელთან ერთად დაიწყო სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. დარტყმების შედეგად მოკლეს ქვეყნის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები. საპასუხოდ ირანი თავს ესხმის აშშ-ის ბაზებსა და ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მიიჩნევს, რომ ისპაანში მიწისქვეშ მდებარეობს მაღალგამდიდრებული ურანის საცავი. ამის შესახებ ნათქვამია IAEA-ის ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში. ურანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული რეაქტორების საწვავად ან შემდგომი გადამუშავების შემთხვევაში - ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თეირანი უარყოფს ასეთი იარაღის შექმნაზე მუშაობას.