ტრამპი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მალე დასრულდება, იმედგაცრუებულია ირანში ხამენეის შვილის არჩევით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 მარტს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ გასულ თვეში დაწყებული სამხედრო ოპერაცია "ძალიან მალე" დასრულდება და დასძინა, რომ ირანზე "ბევრად, ბევრად უფრო ძლიერი" თავდასხმები განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ თეირანი დაბლოკავს ნავთობის მიწოდებას ახლო აღმოსავლეთში.
ტრამპი ამ განცხადებებით გამოვიდა მას მერე, რაც თეირანმა რაკეტები და დრონები გაუშვა ისრაელისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისკენ - რომლებიც სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამენ აღშფოთებას თეირანის საპასუხო იერიშებზე. ირანის არმია აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმებს გააძლიერებს.
ცოტა ხნით ადრე ირანმა გამოაცხადა, რომ უზენაეს ლიდერად არჩეულ იქნა მოჯთაბა ხამენეი - ომის პირველ დღეს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი. ირანში მკაცრი პოლიტიკის მიმდევრებმა ახალ უზენაეს ლიდერს ღიად აღუთქვეს ერთგულება - რაც, ანალიტიკოსების აზრით, იყო სიგნალი, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ.
უზენაესი ლიდერის რანგში ხამენეის ექნება გადამწყვეტი სიტყვის უფლება ყველა პოლიტიკურ და სამხედრო საკითხში - იგი, ფაქტობრივად, ქვეყანას დიქტატორული ძალაუფლებით მართავს.
დაძაბული ვითარება აისახა ბაზრებზე - ჯერ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი, საფონდო ბაზრებზე დაცემა იყო, ხოლო ტრამპის განცხადებებისა და რუსეთის ენერგიაზე სანქციების შესაძლო დასუსტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აღირიცხა საპირისპირო მოძრაობა.
56 წლის ხამენეის - შიიტ სასულიერო პირს, რომელსაც გავლენები აქვს უშიშროების ძალებზე და მათ უზარმაზარ ბიზნეს-იმპერიაზე - მიუღებლად მიიჩნევს ტრამპი, რომელიც ირანისგან უპირობო დანებებას მოითხოვს. მედიასთან საუბარში ტრამპმა "დიდი შეცდომა" უწოდა ხამენეის არჩევას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ირანი "ტოტალურად და გადამწყვეტად" დამარცხდება. ტრამპს არ დაუკონკრეტებია რა ჩაითვლება ამ ომში გამარჯვებად.
"ეს საკმაოდ მალე დასრულდება" - უთხრა ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს. "ჩვენ ბევრი თვალსაზრისით უკვე გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი გამარჯვება" - თქვა მან.
ირანის გავლენიანმა ძალამ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის დაუყოვნებლივ გამოუცხადა ერთგულება. ხამენეის არჩევას ასევე მიესალმა რეგულარული არმიის ხელმძღვანელი. ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს კადრებს არაერთი ქალაქიდან - ხალხის მასები ახალ უზენაეს ლიდერს ერთგულებას აღუთქვამენ, აფრიალებენ ირანის დროშებს, ხელში უჭირავთ ახალი ლიდერის მამის, ალი ხამენეის ფოტოები - ხამენეი ომის პირველ დღეს ემსხვერპლა ისრაელის მხრიდან დარტყმას.
ბევრი ირანელი პირველ ეტაპზე ზეიმობდა უფროსი ხამენეის სიკვდილს - რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც უზენაესი ლიდერის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს, ყველაზე მასშტაბური შიდა მღელვარებისას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუმცა შემდგომში ნიშვნელოვანი ანტი-სამთავრობო აქტივობა არ ყოფილა, რადგან აქტივისტები ერიდებიან ქუჩებში გასვლას მაშინ, როცა ირანზე თავდასხმები ხორციელდება - წერს სააგენტო Reuters-ი.
ისრაელის განცხადებით, მისი საომარი მიზანია ირანის კლერიკალური მმართველობის სისტემის დამხობა. აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან ყველაზე ხშირად გაკეთებული განცხადებებით, ვაშინგტონის მიზანია ირანის სარაკეტო შესაძლებლობებისა და ბირთვული პროგრამის განადგურება.
ისრაელი აცხადებდა, რომ მოკლავს ნებისმიერ პირს, ვისაც უფროსი ხამენეის შემცვლელად დაასახელებდნენ, თუ ირანი არ შეწყვეტს მტრული ნაბიჯების გადადგმას.
ომის გამო ფაქტობრივად დაიხურა ჰორმუზის სრუტე - მარშრუტი, რომელსაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის.