მერცი ტელეფონით ელაპარაკა ნეთანიაჰუს, კავშირზეა მაკრონთან და სტარმერთან
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 28 თებერვალს ტელეფონით ელაპარაკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე განახორციელეს იერიშები, აცხადებს გერმანიის მთავრობის პრესმდივანი, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს სააგენტო dpa.
მერცი ელაპარაკა "სხვა პარტნიორებსაც რეგიონში" და კავშირზეა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან - ამბობს პრესმდივანი შტეფან კორნელიუსი ბერლინში.
ამასთან, კორნელიუსის თქმით, "ფედერალური ხელისუფლება მჭიდრო კონტაქტზეა თავის ამერიკელ პარტნიორთან".
პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ დონეზე ვითარდება ეს კონტაქტი და არც მერცისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის ზუსტი შინაარსი არ უთქვამს.
მაკრონთან და სტარმერთან მერცის საუბრების შემდეგ, სამმა მხარემ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოდიან მოლაპარაკებების განახლების მოწოდებით და მკაფიოდ აცხადებენ, რომ არ მიუღიათ მონაწილეობა ირანზე განხორციელებულ თავდასხმებში.