რუსეთთან ომში დაღუპულია 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი - პრეზიდენტი ზელენსკი
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ოფიციალური მონაცემები პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 4 თებერვალს საღამოს გავიდა.
2026 წლის 24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, 55 000-ს დაღუპულს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი სამხედროები, ისე საომრად გაწვეულები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვიც.
ერთი წლის წინ, 2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, რომ დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვი 46 000-ს აჭარბებს.
რუსეთი ოფიციალურად არ ასაჯაროებს უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვს.
ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების გადამოწმების საფუძველზე ადგენენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მხრიდან დაღუპულთა ვინაობას. 2026 წლის იანვრისთვის დადგენილი იყო 165 661 დაღუპულის ვინაობა. მათ შორის არიან როგორც პროფესიონალი სამხედროები, ისე მოხალისეები, მობილიზაციით გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები.
სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი ეს მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
ანალიტიკოსების თანახმად, ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მაღალია დაღუპული უკრაინელი სამხედროების რეალური რიცხვიც.