ბრაზილიამ და პორტუგალიამ პირველი ადგილები წაგებით შეინარჩუნეს
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი G და H ჯგუფების შეხვედრებით დასრულდა. ბრაზილიის ნაკრებს შეეძლო გამხდარიყო შეჯიბრების ერთადერთი მონაწილე, რომელიც მერვედფინალში ასპროცენტიანი შედეგით გავიდა, მაგრამ ზედიზედ მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, ჯგუფის აუტსაიდერ კამერუნთან ქულაც ვერ აიღო - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ანგარიშით 0:1 წააგო. წარუმატებლობის მიუხედავად, ბრაზილიამ G ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. პლეი ოფის მეორე საგზურს კი შვეიცარია დაეუფლა, უშუალო კონკურენტის, სერბეთის ძლევით - 3:2.
H ჯგუფში, პორტუგალია შეხვდა ბოლო ტურს ექვსი ქულით, მაგრამ ბრაზილიის მსგავსად, მანაც წაგებით შეინარჩუნა პირველი ადგილი. პორტუგალიელებს სამხრეთ კორეამ მოუგო (2:1) და ოთხი ქულით მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ასევე ოთხი ქულა მოაგროვა ურუგვაიმაც, რომელმაც განას აჯობა (2:0), მაგრამ სამხრეთ კორეას დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა და ჩემპიონატს დაემშვიდობა.
5 დეკემბერს, ბრაზილია მერვედფინალში სამხრეთ კორეას შეხვდება. 6-ში კი პორტუგალია და შვეიცარია ითამაშებენ.