პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს
დღეს, 15 სექტემბერს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესი რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააპროტესტა. აღსრულების პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის არის პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
კახა კუკავა დაკავებამდე აცხადებდა, რომ აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს, მათ შორის მას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „რამდენიმე გამოსახლება რომ ჩაიშალა, ბრეგაძემ [აღსრულების პოლიციას] დაავალა, რომ დაანახონ თავისი ძალა. თითქოს აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას. რამდენიმე ადამიანი სპეციალურად დაამატეს ხალხის საცემად", - თქვა კუკავამ.
პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, გამოსახლების საქმე ბიუროში შესულია 2019 წელს. ის განმარტავს, ახლა რატომ გადაწყვიტეს გამოსახლება.
„გამოსახლების პროცესი პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით. იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან; კერძოდ, ის თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება, ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს საჩუქრად, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა. მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კანონის თანახმად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. სამართლის აღსრულების მიზნით მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი", - ვკითხულობთ აღსრულების ბიუროს განცხადებაში.
რაც შეეხება დაკავებულებს, ბიურო აცხადებს, რომ „აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაკავებულია სამი პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო. ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მცდელობა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სამართლის აღსრულებაზე. დაკავებულები გადაყვანილი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში".