უკრაინაში გრძელდება სარაკეტო დარტყმით დაზიანებული დამბის აღდგენა
![უკრაინაში გრძელდება სარაკეტო დარტყმით დაზიანებული დამბის აღდგენა](https://gdb.rferl.org/09850000-0aff-0242-7100-08da9687902f_w800_h450.jpg)
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში გრძელდება სარაკეტო დარტყმის შედეგად, მდინარე ინგულეცზე მდებარე წყალსაცავის დაზიანებული დამბის აღდგენა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაზუსტებულია, რომ 14 სექტემბერს, საღამოს, რუსმა სამხედროებმა კრივოი როგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე რაკეტებით „კინჟალი“ და „ისკანდერი“ განახორციელეს შეტევა, რომლის შედეგად, მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე წყლის დონემ თითქმის 2 მეტრით მოიმატა. რეზნიჩენკოს თანახმად, წყალმა დაფარა 112 სახლი და ეზო. ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დღეს დილისთვის წყლის დონემ 13 საინტიმეტრით დაიწია.
14 სექტემბერს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე სარაკეტო დარტყმების გამო რუსეთს კვლავ უწოდა ტერორისტი სახელმწიფო და ქალაქის ჩაძირვის მცდელობაში დაადანაშაულა.