პროკურატურა სულ უფრო ხშირად ითხოვს პატიმრობას, სასამართლო ძირითადად აკმაყოფილებს - საია
საქართველოში პროკურატურა სულ უფრო ხშირად ითხოვს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას აღკვეთის ღონისძიების სახით. ამის შესახებ საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 4-წლიანი მონიტორინგის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას, უმეტეს შემთხვევაში, აკმაყოფილებს. ამასთან, საია დადებითად აფასებს იმას, რომ 2019-20 წლებში დაკმაყოფილების მაჩვენებელი შემცირდა.
ბრალდებულს, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - პატიმრობასა და გირაოს უსჯიან. ძალიან იშვიათად იყენებენ ალტერნატიულ ზომებს - როგორებიცაა პირადი თავდებობა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ან აღკვეთის ღონისძიების საერთოდ არგამოყენება.
პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეა. მისი მეშვეობით ხდება საზოგადოებისგან ბრალდებულის იზოლირება. საია-ს მტკიცებით, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობა არის პირისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხეების განეიტრალების ერთადერთი საშუალება.