ხუნდაძე თანაგუნდელების წინააღმდეგ მორიგ ამბოხს უარყოფს და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას და რეგიონებში გასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს მაჟორიტარების ნაწილთან გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დაიწყება კონსულტაციები როგორც პარლამენტში, ასევე მოსახლეობასთან. მანვე აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია. ამასთან, უარყოფს იმას, რომ თანაგუნდელების წინააღმდეგ მორიგ ამბოხს იწყებს:
“ამბოხად არის განხილული რაც ქუჩაში ხდება, საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონი არ შეიძლება განვიხილოთ ამბოხად. ეს არის საპარლამენტო საქმიანობა, დემოკრატიის ანი და ბანი. ჩვენ საზოგადოებაში გავალთ, გავაცნობთ ჩვენი ქმედების მიზანს, მიზანი არის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება,”- განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა სხვა დროს არ ყოფილა. ხუნდაძემ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონპროექტი გაიხსენა და განაცხადა, რომ სწორედ მისი აქტიურობით ჩავარდა მისი თანაგუნდელების მიერვე ინიცირებული კანონპროექტი.