გაერო: ციკლონმა „იდაიმ“ 700-მდე ადამიანი შეიწირა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში
გაეროს მონაცემებით, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკის ზოგ სხვა ქვეყანაში, სულ ცოტა, 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ციკლონმა „იდაიმ“, რომელიც რეგიონში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერ ქარიშხლად ითვლება.
სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა 1,7 მილიონამდე ადამიანი. ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ მეტ დაღუპულს იპოვიან მას შემდეგ, რაც დატბორილი ადგილები წყლისაგან დაიცლება.
ყველაზე დიდია მსხვერპლი მოზამბიკში, სადაც 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მძიმედ დაზარალდნენ ზიმბაბვე და მალავიც. გავრცელებულია პირველი საჭიროების საგნების, მათ შორის სასმელი წყლისა და მედიკამენტების დეფიციტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიუთითებს ინფექციური დაავადებების გავრცელების სარფთხეზე. მოზამბიკის სიდიდით მეოთხე ქალაქში, ბეირაში, უკვე აღირიცხა ქოლერის შემთხვევები.