ვენეციის კომისია პროკურატურასა და სასამართლოში რეფორმების საჭიროებას ხედავს
ვენეციის კომისიამ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მოქმედი სტრუქტურა ხელს უშლის მას მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა.
კომისიის რეკომენდაციით საპროკურორო საბჭო უნდა გახდეს უფრო პლურალისტური. დასკვნის მიხედვით, სადავოა, რამდენად შეძლებს საბჭო კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით. კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საბჭოს დაკომპლექტების წესის გადახედვას და მისი უფლებამოსილების ზრდას.
რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან. ასევე შიგნით პროკურორების დამოუკიდებლობაც უნდა იყოს გარანტირებული.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილში, ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, თუმცა გამოყოფს პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა: საბჭოს საქმიანობის რეგულირება, წევრების დამოუკიდებლობა და მისი ანგარიშვალდებულება.
ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება: „მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელებაზე, უზრუნველყონ, რომ სასამართლოს და პროკურატურის სისტემების რეფორმის პროცესი გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ორიენტირებული და დროული”. საია მზად არის მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობის პროცესში.