მაკედონიაში რეფერენდუმზე დაფიქსირდა ძლიერი მხარდაჭერა და დაბალი აქტივობა
მაკედონიაში დასრულდა უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ შეკითხვისათვის: სურთ თუ არა, რომ მათ ქვეყანას ეწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონია“. ესაა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკასა და მის მეზობელ საბერძნეთს შორის მიღწეული კომპომისული შეთანხმება, რომელიც მაკედონიას გზას უხსნის ნატოსა და ევროკავშირისაკენ.
მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების ნახევრის დათვლით მიღებული შედეგებით, რეფრენდუმზე მისული ამომრჩევლების 90,08 %-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა. მაგრამ რეფერენდუმზე დაფიქსირდა დაბალი აქტივობა. კენჭისყრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, რეფერენდუმში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 34,1 %-ს. იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, საჭიროა, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა 50%-ზე მეტმა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა რეფერენდუმს უწოდა „წარმატებული მაკედონიის დემოკრატიის და ევროპული მომავლისათვის“.
ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებმა კი ჯერ კიდევ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაიწყეს ზეიმი. სკოპიეში, პარლამენტის წინ მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ბოიკოტი რეფერენდუმს“ და „მაკედონია - მუდამ და ყოველთვის“. რეფერენდუმის დროს მაკედონიაში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.