ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, რომელიც ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
ჯგუფური ძალადობის იმ მრავალეპიზოდიან საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-სა და პროკურატურაში დაუდასტურეს.
ეს დაკავება გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა უკავშირდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი, ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, გიგა ავალიანის საქმეცაა.
ჯგუფური ძალადობის საქმის პროკურორმა ქეთი სონიძემ განაცხადა, რომ მოწმე, რომელიც ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, დიდი დიღმის ძალადობების მონაწილე იყო, მან ვიდეოებში ამოიცნო ბრალდებულები და საკუთარი თავიც კი.
„ამბობდა ერთ-ერთი დამნაშავე ვარო და თავადაც ამხელდა ბრალდებულებს დანაშაულში, სასამართლოზე გადათქვა ჩვენება და ისიც უარყო, რომ ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა. მე სხდომაზევე ჩავურთე მას ვიდეოები და ვკითხე, ვინ ვინ იყო და სასამართლოშიც იცრუა, ამიტომ დავაკავეთ და ბრალის წარდგენას ელოდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ქეთი სონიძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 370ე მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
სასამართლოში ჩვენების შეცვლის გამო დაკავებულზე პირველად სოციალურ ქსელში ინფორმაცია გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ჯგუფური ძალადობის ახალ საქმეზე მოწმეები მიდიან და უარყოფენ იმას, რაც გამომძიებლებს დაკითხვის დროს უთხრეს. დაკავებულის შემთხვევაში კი კუპატაძის თქმით, სასამართლოზევე ნათლად გამოჩნდა, რომ ის იტყუებოდა.
„სწორედ ამიტომ დააკავეს და სხვებსაც დააკავებენ“, - თქვა მან.
რომელ საქმეზე მისცა ჩვენება დაკავებულმა?გიგა ავალიანზე თავდასხმიდან ექვსი თვის შემდეგ, 10 თებერვალს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს არა მხოლოდ ბრალი დაუმძიმდათ, არამედ კიდევ ერთ პირთან ერთად, მათ ძალადობის ოთხ ახალ ეპიზოდზეც წარედგინათ ბრალი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მსხვერპლებს სოციალური ქსელებით, გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე იტყუებდნენ და ჯგუფურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ავრცელებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე ახალი ეპიზოდი 2025 წელს დიდი დიღომში მოხდა და ყველა შემთხვევაში ფიქსირდება წინასწარ შერჩეული მსხვერპლი, ჯგუფური თავდასხმა და ძალადობის ვიდეოთი გადაღება.
გიგა ავალიანზე თავდასხმას პროკურატურა ამ სამი არასრულწლოვანის დაგეგმილი ჯგუფური ძალადობის მეხუთე ეპიზოდად მიიჩნევს და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს უკვე სასამართლო იხილავს, ამ ოთხ ეპიზოდთან ერთადაც პარალელურად განიხილება.
28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვნები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ძალადობის რამდენიმე ეპიზოდიან საქმეზე სასამართლოში პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა. დაიკითხნენ მოწმეები, დიდი დიღმის მაცხოვრებლები, ბრალდებულების მეგობრები და მეზობლები, გამოიკვლიეს ვიდეოჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელმაც პროკურატურის ცნობით, ბრალდებულების ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობა დაადასტურა.