ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული პერსონალური სანქციები ექვსი თვით, 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, ეს შეზღუდვები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხეში ჩაგდებაში ან მის შელახვაში.
სიაში დაახლოებით 2600 ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი. განცხადების თანახმად, ხუთი გარდაცვლილი ადამიანი სიიდან ამოიღეს. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს სანქციები ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ. "დოიჩე ველეს" ცნობით, ეს პირები არიან ნიდერლანდელი ნავთობტრეიდერი ნილს ტრუოსტი და მაია ბოლოტოვა, „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელის ქალიშვილი.
სანქციები მოიცავს ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და სიაში შეყვანილი პირებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.
ადრე, Euractiv-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა მოითხოვეს რუსი მილიარდერების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის, სანქციების სიიდან ამოღება.