ტრამპი: ზელენსკი რუსეთთან შეთანხმების “დაბრკოლებაა” - პუტინი მზადაა თანამშრომლობისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მარტს უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან შეთანხმების მიღწევის "დაბრკოლებად" მოიხსენია და რუსეთის პრეზიდენტზე თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი, მზად არის თანამშრომლობისთვის.
„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს“, - განაცხადა ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში.
ტრამპი, დაუბრუნდა იმ გამოთქმას, რომელიც მან
ერთი წლის წინ თეთრ სახლში დაძაბული შეხვედრის დროს გამოიყენა, სადაც მან და ვიცეპრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა საჯაროდ გააკრიტიკეს ზელენსკი და მიანიშნა, რომ უკრაინის ლიდერი სუსტ პოზიციაში იყო და კომპრომისზე წასვლა სჭირდებოდა.
„დაუშვებელია, რომ ის იყოს დაბრკოლება“ - იმოწმებს ტრამპს გამოცემა. „თქვენ კარტები არ გაქვთ. ახლა კიდევ უფრო ნაკლები აქვთ“.
„მე მგონია, პუტინი მზადაა შეთანხმების დადებისთვის“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპი დიდი ხანია ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისთვის შეერთებული შტატებისთვის ფლანგვაა და წარსულში დადებითად საუბრობდა პუტინზე, რომელიც მან აგვისტოში ალასკაში მიიწვია.
ტრამპის ბოლო კომენტარები უკრაინასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან 28 თებერვალს ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებს უკვე მილიარდობით დოლარი დაუჯდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს 2025 წლის იანვარში, თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღეს დაასრულებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მიზნის მიღწევა მისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს.
ტრამპი პუტინის წინააღმდეგ უფრო აგრესიული ქმედებების განხორციელებას ერიდება და ამტკიცებს, რომ ის ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ორივე მხარესთან მოლაპარაკება შეუძლია.