მსხვერპლი მოჰყვა მსოფლიოში ცნობილ მაჩუ-პიქჩუსთან რკინიგზაზე მომხდარ კატასტროფას
სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა პერუში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, მაჩუ-პიქჩუს მახლობლად ორი მატარებლის შეჯახების შედეგად. მსხვერპლის შესახებ პერუს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
კატასტროფა 30 დეკემბერს მოხდა. მატარებელი, რომელსაც მაჩუ-პიქჩუდან ტურისტები მოჰყავდა, ძეგლისკენ მიმავალ მატარებელს შეეჯახა. დაღუპულია ერთ-ერთი მატარებლის მემანქანე.
შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ინკების უძველესი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
2024 წლის მონაცემებით, მაჩუ-პიქჩუს დაახლოებით 1,5 მილიონი ტურისტი სტუმრობდა.