ზურაბიშვილმა ურზულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში წარმოთქმული სიტყვისთვის მადლობა გადაუხადა
„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.
საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.
ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!" - დაწერა ზურაბიშვილმა.
13 სექტემბერი სტყვაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული ვითარების მისეული ხედვა წარუდგინა. მან გამოსვლაში ახსენა საქართველო. „უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, დასავლეთი ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია“ - თქვა მან და დაამატა: „ვიცი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისათვის.“
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.