ლავროვის თქმით, მოსკოვი და პეკინი უარს იტყვიან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებზე
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გაეროს უშიშროების საბჭომ შემოიღო ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის. ჩინეთი და რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ გასჩენიათ ეჭვი, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შესაძლოა დაარღვიონ სანქციების რეჟიმი, რომელსაც თავად მისცეს ხმა.
პეკინს არ გაუკეთებია კომენტარი ლავროვის განცხადებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვში გაიმართება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვან ის ვიზიტი.
13 სექტემბერს კიმ ჩენ ინმა, რომელიც რუსეთში იმყოფება ვიზიტით, თქვა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მოსკოვთან ურთიერთობების განვითარება სურს, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“.
პუტინმა კიმის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დამყარდა ჯერ კიდევ 1945 წელს, „როდესაც საბჭოთა და კორეელი ჯარისკაცები მხარდამხარ ანადგურებდნენ იაპონელ მილიტარისტებს“, იუწყება ტასი. კიმმა წარმოთქვა „ამხანაგ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის“ სადღეგრძელო და „იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის არმია და ხალხი დაამარცხებენ ‘ბოროტების თავყრილობას’, რომელიც ჰეგემონიის ილუზიებით იკვებება“.
ჩრდილოეთი კორეა სირიასთან ერთად ერთ-ერთია ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მოსკოვს ღიად უჭერენ მხარს უკრაინასთან ომში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რაოდენობით. ახლა ის მეოთხეა, მას, სირიასა და ირანს რუსეთი უსწრებს.