ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა
„უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ადამიანისთვის საქართველოში“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
2022 წელს ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.
2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.